საფრანგეთში 8 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 504 ადამიანი დააკავეს, დაპირისპირებისას კი 48 პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებში დაახლოებით 71 500 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 24 500 პარიზში.
მედიის ცნობით, პარიზში, ბასტილიის მოედანზე, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება აქციის დასრულებისკენ დაიწყო. პოლიციის მიმართულებით ისროდნენ ქვებს, პიროტექნიკას და ქუჩის ინვენტარს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აქციები საფრანგეთში სკოლებსა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო გრძელდება. მოსწავლეები და სტუდენტები უკეთეს სასწავლო პირობებს, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და განათლების სფეროსთვის მეტი რესურსის გამოყოფას ითხოვენ.
8 ოქტომბერს საფრანგეთის განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრემ განაცხადა, რომ ქვეყნის ყველაზე პრობლემურ სკოლებში 3 000 შემცვლელ მასწავლებელს გაგზავნიან.