„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ უღიარებია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული ე.წ. პასპორტების ვალიდურობა", _ ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა სააგენტო „ჯი -ეიჩ-ენის" მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.
„საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ან პარლამენტს არ გამოუცია არანაირი ნორმატიული აქტი, რომლითაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული ე.წ. პასპორტების ვალიდურობას აღიარებს. ამდენად, ინფორმაცია, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამ ე.წ. პასპორტების ვალიდურობა აღიარა, სინამდვილეს არ შეესაბამება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ასევე არ შეცვლილა წესები, რომლებიც აღნიშნული დოკუმენტებით საქართველოში გადაადგილებას არეგულირებს.
„არც ეს წესები გაუქმებულა. საქართველოს ხელისუფლებას არც ამ საკითხზე გამოუცია რაიმე ნორმატიული აქტი და არ მომხდარა არანაირი სამართლებრივი ცვლილება. ამდენად, ვურჩევ ჩიორა თაქთაქიშვილს, შეეშვას ისტერიკას და დეზინფორმაციის გავრცელებას და ინფორმაცია საქართველოს მთავრობასთან გადაამოწმოს ან შესაბამისი ნორმატიული აქტები მოიძიოს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
პაატა ზაქარეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ არ შეცვლილა არც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა კვლავაც ამ სტრატეგიით ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არ აღიარებული რესპუბლიკების მიერ გაცემული პასპორტების ვალიდურობა აღიარა დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა გაავრცელა.
თაქთაქიშვილი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის 5 მომხსენებლის სპეციალური ანგარიშიდან გახმაურდა.
"მან ასევე გააუქმა წესები, რომელიც ართულებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიერ გაცემული ეგრეთ წოდებული "პასპორტებით" გადაადგილებას საქართველოში და აღიარა ისინი ვალიდურ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებად თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე" - ნათქვამია ევროსაბჭოს მომხსენებლების განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მუშაობს.
"იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ვაჭრობას და გაიზარდოს გადაადგილების თავისუფლება, ახალი მთავრობა აცხადებს, რომ მისი სურვილია განიხილოს სარგინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასა და სოხუმის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გავლით"