თბილისის მერიის დაკავებული თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვიან ღამით ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს.
თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე საგამოძიებო სამსახურმა ღამით თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე დააკავა.
დაკავებულებს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო უწყებაში გვიან ღამემდე კითხავდნენ. დავით ალავიძე, დავით ავალიანი, ალექსი თაბუაშვილი და დიმიტრი ჩხეიძე ადვოკატებმა მოინახულეს. იურისტების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.
თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე გვიან ღამით ‘,ბუდა ბარში" დააკავეს. ალავიძე მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. დაკავების კადრები ალავიძის ახლობლებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს. ალავიძეს სამართალდამცავებმა ბრალი ადგილზე წაუყენეს და მისი უფლებები გააცნეს. შემდეგ კი საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს.
ალავიძის მსგავსად ბრალი ადგილზე განემარტა თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელსაც. ლექსო თაბუაშვილი სამართალდამცავებმა მერიასთან აიყვანეს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები თაბუაშვილს შენობასთან დახვდნენ და ხელბორკილები დაადეს.
მთაწმინდის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე კი საკუთარ სახლში დააკავეს. ყიფიანის ქუჩაზე სამართალდამცავები ღამის 10 საათზე მივიდნენ. ჩხეიძის დედა ამბობს, რომ ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისგან განმარტებას ითხოვდა, თუ რატომ აკავებდნენ ერთ დღეში მის შვილს უკვე მეორედ, თუმცა ბინაში შესვლის საშუალებაც არ მისცეს.
მერიის თანამშრომელბის დაკავებას პოლიტიკოსები აფასებენ. ,,ნაციონალურ მოძრაობაში" მომხდარს პარტიის საწიინაღმდეგო ქმედებად და ზეწოლად მიიჩნევენ. დაკავებებთან დაკავშირებით საგამოძიოებო უწყებასთან შეკითხვები აქვს არასაპარლამნენტო ოპოზიციასაც. მათი თქმით გაურკვეველია რა მოტივით მოხდა თანამსროემლების დილით დაკავება, შემდეგ გამოშვება და დღის ბოლოს მათი კიდევ ერთხელ აყვანა. მმართველ გუნდში კი გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
დაკავებულების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გვიან ღამით გააკეთა.