ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და მის შემოგარენში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, უკანასკნელი ინფორმაციით, 30 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით მძიმედ დაშავდა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
ასაფეთქებელი მოწყობილობების დიდი ნაწილი იმ რეგიონებში ამოქმედდა, სადაც მცხოვრები მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მუსულმანი შიიტები შეადგენენ. ერთ-ერთი ავტომობილი, რომელშიც ბომბი იყო ჩამონტაჟებული, გარეუბან კარრადას შიიტური უბნის მთავარი ქუჩის სუპერმარკეტთან აფეთქდა.
უკანასკნელ პერიოდში შიიტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა იმატა. 27 მაისს ბაღდადის შიიტურ უბნებში მომხდარი აფეთქებების შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა. ექსპერტები შიშობენ და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ქვეყანა, ისევე როგორც 2006-2007 წლებში, ჩათრეული აღმოჩნდება ეთნიკური დაპირისპირების კასკადში.
მასალის გამოყენების პირობები