რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის" პაკისტანის მოძრაობა ახალ დანაყოფს ქმნის, რომლის დანიშნულებაც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე თავდასხმების განხორციელება იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
თალიბების მიერ გავრცელებული მიმართვის თანახმად, აღნიშნული ქმედება არის პასუხი საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილებაზე, გააგრძელოს ამერიკული უპილოტოების შეტევები პაკისტანზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, პაკისტანის პროვინცია გილგიტ-ბალტისტანში, რომელიც ქაშმირის სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს, შეიარაღებული ბოევიკები ალპინისტების ბანაკში შეიჭრნენ და 9 უცხოელი ტურისტი და მათი გიდი მოკლეს. გარდაცვლილები რეგიონში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული სიმაღლის - რვაათასიანი ნანგა-პარბატის დასალაშქრად იყვნენ ასულები. ინციდენტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „პაკისტანის თალიბანმა" და სუნიტურმა დაჯგუფება „ჯუნდულაჰმა" აიღეს.