ოფიციალური მოსკოვი აპირებს სრულად შეასრულოს სირიასთან ადრე გაფორმებული კონტრაქტები, რომლებიც ითვალისწინებენ დამასკოსთვის შეიარაღების მიწოდებას ქვეყნის საჰაერო თავდაცვითი პოტენციალის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა.
„ჩვენ გაფორმებული გვქონდა კონტრაქტები და ეს ვალდებულებები შესრულდება. ზოგიერთი კონტრაქტი უკვე სრულდება, ზოგის შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა. ესაა პროცესი, რომელიც ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით ხორციელდება. ჩვენ არაფერს ვარღვევთ, არანაირ ბოიკოტსა და არანაირ დაწესებულ აკრძალვას", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა. მისივე თქმით, სირიას საზენიტო-სარაკეტო დანადგარების გარდა სხვა შეიარაღება არ მიეწოდება, რადგან კონტრაქტით სხვა აღჭურვილობა გათვალისწინებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მიმდინარე კონფლიქტში ძალთა ბალანსზე რეაგირების თავიდან აცილების მიზნით, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს, თავი შეიკავოს ოფიციალური დამასკოსთვის იარაღის მიწოდებისგან.
სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორი წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, გაეროს ოფიციალური მონაცემებით, 90 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 მილიონამდე ლტოლვილად იქცა.