იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
განაჩენი ძალაში შევა თუ კანონით გათვალისწინებულ ვადაში ბერლუსკონი განაჩენის გასაჩივრებით გასამართლებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. გარდა ამისა, სასამართლომ 76 წლის სილვიო ბერლუსკონის სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალა სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.
მოსამართლეთა კოლეგიამ რომელიც მდედრობითი სქესის სამი მოსამართლისგან შედგებოდა, ყოფილ პრემიერს უფრო მძიმე განაჩენი გამოუტანა, ვიდრე ამას პროკურატურა ითხოვდა. მილანის სასამართლომ 6 წლის ნაცვლად ბერლუსკონის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამჟამად ბერლუსკონის რაიმე სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია, თუმცა მისი პარტია „თავისუფლების ხალხი" მმართველ კოალიციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სექსუალური სკანდალი ყოფილი პრემიერის ირგვლივ 2011 წლის დასაწყისში აგორდა. სილვიო ბერლუსკონი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას ამ დრომდე უარყოფს.