შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა, სწორედა ამ წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ადამიანი, რომელზეც შექმნეს მითი, რომ ის ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა.
„მითი თუ რეალობა - არ ვიცი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ადამიანის ნების გარეშე ან მისი უშუალო თანხმობის მიცემის გარეშე ვინმე გაბედავდა მსგავსი არაადამიანური ქმედების განხორციელებას? ეს არის აბსურდი. ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, იქნება ეს ვანო მერაბიშვილი, პრეზიდენტი თუ სხვა. ეს არის უმძიმესი დანაშაული ჩადენილი საკუთარი ხალხის წინაშე. შესაბამისად, ყველა აგებს პასუხს, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დამტკიცდეს სასამართლოს მეშვეობით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
"აუცილებლად გამოვიძიებთ, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ეს იყო ძალიან დეტალურად გაწერილი გეგმა დაშინების, ტერორის. ეს ხდებოდა ქუჩაში, ეს ხდებოდა ციხეში, ეს ხდებოდა პოლიციაში, პროკურატურაში. პროკურატურა იყო ამ ყველაფრის შემფუთველი, ამას ემატებოდა სასამართლო - ეს იყო დანაშაულებრივი სისტემა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.