საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-2 სამმართველოს (ახალციხე) ტერიტორიაზე, მე-6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს ახალციხის ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვრის გვერდის ავლით, მწვანე საზღვარზე, დიდი ოდენობით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ჯეიხუნ მ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე აჰმედ ჰ. დააკავეს, რომლებიც საბაჟო საზღვრის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში 17 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.