დღეს, 26 თებერვალს, 15:30 საათზე, სოფელ კოდაში მცხოვრებ 78 დევნილ მოზარდს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გედევანიშვილი ჩაუტარებს ლექციას თემაზე: "საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციები".
საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ევროპული სკოლისა და არასამთავრობო ორგანიზაცია CHCA (ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი) თანამშრომლობით ხორციელდება საგანმანათლებლო პროექტი "მუზეუმი სტუმრად თქვენთან". საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ სამაჩაბლოდან დევნილი მოზარდებისთვის სპეციალური პროგრამა მომზადდა. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატთა ფოტოპრეზენტაციების სალექციო კურსს არქეოლოგიის, ხელოვნების, ისტორიის, და ეთნოგრაფიის შესახებ.
პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაციას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებზე დაფუძნებული ლექცია-პრეზენტაციები, რომელიც მოიცავს არქეოლოგიის, ისტორიის, ხელოვნების და ანთროპოლოგიის სფეროს.
პროექტის ორგანიზაციაში ეროვნულ მუზეუმს დახმარებას უწევს CHCA (ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი), რომელიც 6 დასახლებაში - შაუმიანი, გარდაბანი, კოდა, წეროვანი, საგურამო და წილკანი _ ახორციელებს იტალიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტს "მობილური ბიბლიოთეკა".
ევროპული სკოლის მოსწავლეებმა 200-დე დევნილი მოზარდისთვის მოამზადეს საჩუქრები, რომელიც დევნილებს პროგრამის მსვლელობისას გადაეცემათ.