ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოფიციალურ მოსკოვს ორივე მხარის განკარგულებაში არსებული სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ერთდროული შემცირება შესთავაზა მთლიანი მოცულობის მესამედი რაოდენობით.
„მე სურვილი მაქვს, ჩვენი ბირთვული პოტენციალი მესამედით შევამციროთ. ამის თაობაზე რუსეთის ფედერაციასთან ოფიციალური მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვდივარ", - განაცხადა ბარაკ ობამამ. გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა გააჟღერა საკუთარი სურვილი, ვაშინგტონმა და მოსკოვმა ევროპის ტერიტორიაზე განთავსებული ტაქტიკური შეიარაღებაც შეამცირონ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს სტრატეგიული თავშეკავების ბალანსის დარღვევას.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სტრატეგიული თავშეკავების ბალანსი დაირღვეს და ჩვენი ბირთვული პოტენციალი შესუსტდეს. ამიტომ სამხედრო-კოსმოსური თავდაცვის სისტემის შემქნა სამხედრო მშენებლობის მთავარ პრიორიტეტად რჩება", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო თავდაცვითი შეკვეთების თათბირზე სიტყვით გამოსვლისას.
რუსეთის პრეზეიდენტის თქმით, უადგილოა შეიარაღების შემცირებაზე საუბარი მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები თავიანთი თავდასხმითი პოტენციალის სრულყოფაზე შეუჩერებლად მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები