11 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც საკუთარ თავს „სირიის მეგობრებად" მოიხსენიებენ, ყატარის დედაქალაქ დოჰაში შეკრებას გეგმავენ. დიპლომატები სირიის ოპოზიციური ძალებისთვის დახმარების, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის ვარიანტების განსახილველად იკრიბებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
შაბათს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, იორდანიის, ეგვიპტის, ყატარის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორი წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, გაეროს ოფიციალური მონაცემებით, 90 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 მილიონამდე ლტოლვილად იქცა.