იმის თქმა, რომ რადაგან IP მისამართი დადგენილია, მარტივია დამნაშავის დაკავება, პრიმიტიული და ძალიან სასაცილოა , - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ვიდეორგოლები მაღალი დონის პროფესიონალის მიერაა განთავსებული.
„მე ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ დადგენილია IP მისამართი. ეს არის ძალიან რთული პროცესი. საქმე გვაქვს კიბერდანაშაულთან, რომელიც 21-ე საუკუნის უმთავრესი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა. შესაბამისად, იმის თქმა, რომ რაკი IP მისამართი დადგენილია, ძალიან მარტივია დამნაშავის დაკავება, პრიმიტიული და ძალიან სასაცილოა. გამოძიება რამდენიმე ვერსიას ამუშავებს, თუმცა მე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს გაკეთებულია პროფესიონალების მიერ, რომლებმაც კარგად იცოდნენ, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ რამდენიმე ალიბი და რისკები გადაეფარათ. პირდაპირ გეტყვით: ერთ-ერთ ვერსიად განვიხილავთ იმას, რომ ეს შეიძლება, გაკეთებული იყოს იმ ადამიანის მიერ, რომელმაც ძალიან კარგად იცის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ-ოპერატიული საგამოძიებო საშუალებები და რესურსები. შესაბამისად, მას ძალიან ჭკვიანურად აქვს ნამუშევარი და სათანადოდ აქვს გადაფარული რისკები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.