წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფმა პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა. პრეზენტაციას საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ცნობილი მოჭადრაკე, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი უძღვებოდა.
გაფრინდაშვილმა წაიკითხა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა უარესდება და საქართველო, შესაძლოა, კვლავ აღმოჩნდეს დამანგრეველი ომის წინაშე.
"სახალხო კრებამ უნდა მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდაცია და დასახოს რეალური გზები ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად", - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.
ჯგუფი მოუწოდებს საქართველოში ყველა არსებულ პოლიტიკურ ძალას, საზოგადოებრივ ორგანიზაციას, მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ კრების ორგანიზებაში. კრების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გადაწყდება.
დღევანდელ პრეზენტაციაზე ისაუბრეს ელიზბარ ჯაველიძემ, გოგი ქავთარაძემ რეზო ესაძემაც.
ელიზბარ ჯაველიძემ, ყველას, ვისაც ქვეყნის გადარჩენა სურს, მოუწოდა კრებაში მონაწილეობისკენ.
გოგი ქავთარაძის განცხადებით, ქვეყნის პრობლემების წარმომადგენლობით კრებაზე გადაწყვეტა ქართული ტრადიციაა.
"მსგავსი კრება უკვე დიდი ხნის წინ უნდა გამართულიყო", _ განაცხადა რეზო ესაძემ.
საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ სახალხო წარმომადგენლობით კრებაში ქვეყნის ყველა რაიონისა და ქალაქის დელეგატი მიიღებს მონაწილეობას და ხალხი ერთად გადაწყვეტს, როგორ გადაიჭრას ქვეყნის პრობლემები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოძრაობა "დაიცავი საქართველოს წევრები". მათი განცხადებით, მოძრაობა სახალხო წარმომადგენლობითი კრების იდეას მხარს უჭერს.