თბილისის მერის, გიგი უგულავას საქმის წინასასამართლო სხდომა 3 ივლისისთვის გადაიდო.
პროცესის გადადება ბრალდების მხარემ მას შემდეგ მოითხოვა, რაც დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მტკიცებულებად არ დაეშვათ რამდენიმე პირის დაკითხვა და ბრალდების მხარეს ისინი დასაკითხთა სიიდან ამოეღო.
ამავე დროს მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ მიმდინარე თვის განმავლობაში გიგი უგულავას საკმაოდ საქმიანი შეხვედრები აქვს დაგეგმილი საზღვარგარეთ და პროცესი ამ მიზნითაც გადადო.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერს, გიგი უგულავას "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა ბრალი.
დედაქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც უგულავასთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა. შესაბამისად, გიგი უგულავას სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდა.