თურქეთის ხელისუფლება დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ მანიფესტაციების აღსაკვეთად და ანკარაში, სტამბულსა და სხვა დიდ ქალაქებში ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, შეუძლიათ არმია გამოიყენონ. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა საზოგადოებრივ ტელევიზიაში გამოსვლისას განაცხადა.
ბიულენტ არინჩის თქმით, პოლიციის ძალები შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს საჭირო ზომების გასატარებლად, ამიტომ ხელისუფლება აპირებს, ქვეყანაში წესრიგისა და სტაბილურობის აღდგენის მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს. ვიცე-პრემიერმა არ გამორიცხა, საჭიროების შემთხვევაში, არმიის ჩარევის ვარიანტი.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები თურქეთში უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება. დემონსტრაციები სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანისა და მისი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. ასევე სტამბულის მერიამ საჯაროდ განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი არ აშენდება. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.
სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა და თურქეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი დემონსტრაციებშია ჩათრეული. მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.