ჩრდილოეთ ირლანდიის საკურორტო ქალაქ ლოქს-ერნიში, დიდი რვიანის წევრი ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ბრიტანეთის, კანადის, იაპონიის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერები 2-დღიან სამიტზე შეიკრიბებიან. დიდი რვიანის სამიტის მთავარი განსახილველი თემა სირიაში მიმდინარე კონფლიქტი იქნება.
სამიტის მასპინძელმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეძლებენ ყველა დაბრკოლების და აზრთა სხვადასხვაობის გადალახვას და პოლიტიკური ნების გაერთიანებას მსოფლიოს წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად.
დიდი რვიანის სამიტამდე, ლონდონში კემერონი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და სირიის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ლიდერების განცხადებით, მიუხედავად რიგი აზრთა სხვადასხვაობისა, მათი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი პუტინმა და კამერონმა სირიაში მიმდინარე კონფლიქტს სხვადასხვა შეფასება მისცეს. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, კონფლიქტში დამნაშავე მოქმედი ხელისუფლება და ბაშარ ასადია, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა მოვლენების ასეთ განვითარებაში ორივე მხარე დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორ წელზე მეტია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, 80 ათასზე მეტი ადამიანი და იღუპა და 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.