თურქეთში მიმდინარე ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების დაშლისას პოლიციის მიერ ძალის გამოყენების გასაპროტესტებლად პროფკავშირები გაიფიცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. სახელმწიფო მოხელეების პროფკავშირების კონფედერაციამ, პროგრესული პროფკავშირების კონფედერაციამ და სხვა პროფესიულმა გაერთიანებებმა ერთდღიანი გაფიცვით „პოლიციური ძალადობის" დასრულების მოთხოვნა გააჟღერეს.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები თურქეთში უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება. დემონსტრაციები სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანისა და მისი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. ასევე სტამბულის მერიამ საჯაროდ განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი არ აშენდება. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.
სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა და თურქეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი დემონსტრაციებშია ჩათრეული. მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.