ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიამა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში პეტერ ნიკოლაუსთან ერთად რუსთავში აფხაზეთიდან დევნილებისთვის რეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა. დევნილებს 4 ობიექტი საკუთრებაში გადაეცათ. როგორც მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფოს ყოველდღიური შრომით და დონორთა დახმარებით დევნილი ოჯახები თანდათანობით უკეთ იცხოვრებენ.
"დღეიდან 158 ოჯახით მეტი დევნილი უკეთეს პირობებში იცხოვრებს. ეს არის დაკანონებული, გარემონტებული იბიექტები, რომლებიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთად გავაკეთეთ. ასე, ყოველდღიურ რეჟიმში, ასობით ოჯახი უკეთეს პირობებში იცხოვრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს ორ წელიწადში შესრულებული იქნება პრეზიდენტის სიტყვა, რომელიც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი იჯახების ნორმალურ და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს გულისხმობს", _ Kგანაცხადა კობა სუბელიანმა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით გაეროს უმაღლესმა კომისარიატმა რუსთავში დევნილებისთვის რამდენიმე ობიექტის რეაბილიტაცია მოახდინა. მათ შორისაა ლესელიძის #52-ა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 50 ოჯახი ცხოვრობს; ლომოურის #6, სადაც 22 დევნილი ოჯახი ცხოვრობს; შარტავას #4, სადაც 57 ოჯახი ცხოვრობს და 9 მაისის #8, სადაც 22 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
აღნიშნულ ობიექტებში 17 წელია, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. ფართები სრულად გარემონტდა. შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, მოწესრიგდა საერთო ფართები, სველი წერტილები და დამონტაჟდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ინდივიდუალური მრიცხველები.
დევნილები კმაყოფილები არიან, რომ სახელმწიფო მათთვის მიცემულ პირობას ასრულებს და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავს. როგორც მათ მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს: "რაც მთავარია, საკუთარი ჭერი გვაქვს. მადლობის მეტი რა გვეთქმის როგორც სახელმწიფოსთვის, ისე დონორებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ფართების დაკანონებაში, არამედ დასაქმებასა და საკუთარი შემოსავლის წყაროს გაჩენაში გვეხმარებიან."
პეტერ ნიკოლაუსის თქმით, წელს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება: "პროექტის "თავშესაფარს პლიუს პროგრამა" მიზანია დევნილთა არა მხოლოდ თავშესაფრით დაკმაყოფილება, არამედ ხელშეწყობა მცირე ბიზნესის წამოსაწყებად და საკუთარი შემოსავლის წყაროს გასაჩენად. ჩვენი სურვილია, ბატონი სუბელიან მინისტრი დიდხანს იყოს, რომ დევნილთა ყველა პრობლემა გადაიჭრას.