ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში ყველა ქონებას ყიდის და გასაქცევად ემზადება, _ ამის შესახებ ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" სანდო წყარომ მიაწოდა.
"მას შემდეგ, რაც ჩხარტიშვილმა გაიგო, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, საქართველოში ყველა ქონების გაყიდვა და ევროპაში სამუდამოდ გადასვლა გადაწყვიტა", _ აცხადებს წყარო.
"ჯი-ეიჩ-ენს" ასევე მიაწოდეს ვანო ჩხარტიშვილის პასპორტი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ 2011 წელსაა გაცემული და სადაც ჩხარტიშვილს სახელი და გვარი აქვს შეცვლილი.
ამ პასპორტის მიხედვით მისი სახელი და გვარია ჯონ გრიფინი და არა ივანე ჩხარტიშვილი.
"იურიდიულად საქართველოს დატოვებს ბრიტანეთის მოქალაქე ჯონ გრიფინი, ხოლო ივანე ჩხარტიშვილი ოფიციალურად საქართველოში დარჩება. ამ პასპორტის წყალობით ჩხარტიშვილს თავისუფლად შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მაშინაც კი, თუ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს", _ აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაზეთმა "პრაიმტაიმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ვანო ჩხარტიშვილი შესაძლოა დააკავონ. ინფორმაციას, რომ ჩხარტიშვილის მიერ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობას, საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსი, ნათია სუხიაშვილიც ადასტურებს.