ვანო ჩხარტიშვილის დაპატიმრება იგეგმება,- ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება ბადრი პატარკაციშვილის ქონებების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.
როგორც გაზეთი წერს, ჩარტიშვილს გამოძიება რამდენიმე ფაქტზე ედავება: პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ჩხარტიშვილთან ასოცირებულმა კომპანიამ, "კოპელა ვინჩერს ლიმიტედმა" 12 მილიონ 275 ათას დოლარად გაყიდა თბილისის უნივერმაღი.
ამ თანხიდან ოლიგარქის ოჯახს თეთრი არ მიუღია. დავის საგანია ფოთის წისქვილკომბინატიც, რომლის აქტივებიც გაიყიდა და თანხაც იგივე ხელწერით გაქრა.იგივე ხერხით გაიყიდა ნავმისადგომები ფოთში იმავე წლის 10 მარტს... პატარკაციშვილის ოჯახი ასევე დაობს კომპანია "ლაკარპას" საკუთრებაში არსებულ "ვითიბიბანკის" 7,51 პროცენტის აქციებზე და "ენერჯი ინვესტის" 34 პროცენტ წილზე, რომელიც 7 მილიონ 840 ათასად გასხვისდა. მალევე ეს თანხა ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილს გადაერიცხა, დოკუმენტს კი საფუძვლად ფინანსური დახმარება დაედო... ამას ემატება თამბაქოს ქარხნის, ლილოს ტერიტორიაზე და კოლმეურნეობის მოედანზე მიწის ნაკვეთების მითვისების ფაქტებიც.
ინფორმაციას, რომ ჩხარტიშვილის მიერ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობას, საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსი, ნათია სუხიაშვილიც ადასტურებს.
"საქმეა მჟამად წარმოებაშია და დამატებით კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ",- აცხადებს სუხიაშვილი.
ინფორმაციას ასევე ადასტურებს პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატი ლაშა ბირკაია.
"გამოძიებას განმეორებით მიმართა იმ კომპანიების წარმომადგენლობამ, რომელთა აქტივებიც იყო საქართველოში და ამ აქტივების გასხვისება მოხდა მათი ნების საწინააღმდეგოდ. მართალია მათ ადრეც ქონდათ საჩივარი და საქმე გამოძიებამ შეწყვიტა, მაგრამ 7 ივნისს დამატებით განცხადებით მიმართეს, წარუდგინეს დამატებითი მტკიცებულებები და ეს გახდა გამოძიების განახლების საფუძველი",- აცხადებს ადვოკატი.