ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ლიბერალ ჰასან რუჰანს თეირანის ბირთვული პროგრამის განსახილველად მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას სთავაზობს. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მიესალმება ირანელს ხალხს, რომელთაც არ შეეშინდათ და საკუთარი ნება არჩევნებზე ღიად გამოხატეს.
შეგახსენებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ღვთისმსახური, ადგილობრივი საზომით ლიბერალი, 64 წლის ჰასან რუჰანი დასახელდა. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუჰანმა 18 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, რამაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი შეადგინა.
პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 50% და პლიუს ერთი ხმა უნდა დაეგროვებინა, ასე რომ, შეიძლება ითქვას, არჩევნები შედგა. არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ იყვნენ წარმოდგენილნი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არჩევნების გაშუქება მკაცრად იზღუდებოდა - ლიბერალური გაზეთები იკეტებოდნენ, წვდომა ინტერნეტთან და საერთაშორისო მედიასთან გაუქმებული იყო და ჟურნალისტებს მასობრივად იჭერდნენ.
მასალის გამოყენების პირობები