თურქეთის სამართალდამცავებმა სტამბულის ცენტრში, ტაკსიმის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გაყარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
დემონსტრანტები ანტი სახელისუფლებო აქციების შეწყვეტას მაინც არ აპირებენ და ახალი აქციებით იმუქრებიან. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ვიდრე სასამრთლო არ გამოიტანს საბოლოო განაჩენს გეზის პარკის განაშენიანების პროექტის შესახებ, პარკის ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოების დაწყება არ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები თურქეთში უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება. დემონსტრაციები სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანისა და მისი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. ასევე სტამბულის მერიამ საჯაროდ განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი არ აშენდება. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.
სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა და თურქეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი დემონსტრაციებშია ჩათრეული. მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები