ირანის ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ღვთისმსახური, ადგილობრივი საზომით ლიბერალი, 64 წლის ჰასან რუჰანი დასახელდა. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუჰანმა 18 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, რამაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი შეადგინა.
უკვე 27 მილიონზე მეტი ბიულეტენის დათვლის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ ჰასან რუჰანი დიდი უპირატესობით დაამარცხებდა მთავარ კონკურენტს, თეირანის მერს ბაგერა გალიბაფას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურობა არჩევნებზე საკმაოდ მაღალი იყო და 80% შეადგინა. ირანში საარჩევნო ხმის უფლებით დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი სარგებლობს.
პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 50% და პლიუს ერთი ხმა უნდა დაეგროვებინა, ასე რომ, შეიძლება ითქვას, არჩევნები შედგა. არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ იყვნენ წარმოდგენილნი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არჩევნების გაშუქება მკაცრად იზღუდებოდა - ლიბერალური გაზეთები იკეტებოდნენ, წვდომა ინტერნეტთან და საერთაშორისო მედიასთან გაუქმებული იყო და ჟურნალისტებს მასობრივად იჭერდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ არჩევნებზეც 2009 წელს წინასწარი მონაცემებით გამარჯვებულად ოპოზიციონერი მირ ჰოსეინ მუსავი გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ოფიციალური და საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა, გამარჯვებული მაჰმუდ აჰმადინეჯადი გახდა. მაშინ მისმა მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგები მასობრივად გაყალბდა, ხოლო მომხრეებმა აღნიშნული ფაქტი იმით ახსნეს, რომ წინასწარი შედეგები, მხოლოდ რამდენიმე დიდი ქალაქის შედეგებზე იყო დაყრდნობილი.
მასალის გამოყენების პირობები