საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ახალი ამბების სააგენტო
„ჯი-ეიჩ-ენითვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთთან რეინტეგრაციის მინისტრად მოიხსენია. გრიგოლ ვაშაძე ოკუპირებული ტერიტორიების კანონზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ კანონში შესწორებები, „სამართლებრივი თვალსაზრისით, არის ნარკოტიკული ბოდვა". „სასაცილო ის არის, რომ სამართალი, საერთოდ იწვება იმით, რომ კანონის არცოდნა შენ არ განთავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და რეინტეგრაციის სამინისტრომ რევოლუცია მოახდინა, გადატრიალება მოახდინა სამართალში", - განაცხადა ვაშაძემ.
„სხვათა შორის, კიდევ ერთი შესანიშნავი არგუმენტი - საქართველოს რუსეთთან რეინტეგრაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ შესწორებები შეგვაქვს არა 344-ე მუხლში არამედ თუ არ მეშლება - 322-ის პრიმში, რომელიც ლაპარაკობს ...", - აღნიშნა ვაშაძემ. ჟურნალისტის შეკითხვაზე რუსეთთან რეინტეგრაციის მინისტრში პაატა ზაქარეიშვილსი გულისმობდა თუ არა, ვაშაძემ უპასუხა: „დიახ, დიახ, საქართველოს რუსეთთან რეინტეგრაციის მინისტრზე. ის ლაპარაკობს, რომ ჩვენ იმ მუხლში შეგვაქვს შესწორება, რომელსაც საქმე აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, რომელიც ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და არა საზღვრის გადმოკვეთაზეო. მაპატიეთ, მაგრამ ამ ადამიანს ან ეს მუხლები არა აქვს წაკითხული, ან არ აქვს წაკითხული ის შესწორებები, რომელსაც მისი სამინისტრო ცდილობს რომ შეიტანოს კანონში ან თვლის, რომ საქართველოში რესპუბლიკური პარტიის გარეთ არავის არ აქვს სამართლებრივი განათლება. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სხვათა შორის, წინა მთავრობაშიც ზოგიერთს დაავიწყდა ეს რომ ყველა ქმედებაზე ყველას პასუხი მოეთხოვება ადრე თუ გვიან. და ის, რომ გაუგებარი მიზეზებით ცდილობენ დაასუსტონ ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი მდგომარეობა, ეს ასე არ დამთავრდება. ამ შესწორებების მიღება განსაკუთრებით რუსების თავხედური ქმედების შემდეგ, მინდა გითხრათ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილსა და ამ ხელისუფლებას შორის წყალგამყოფი, ისევე როგორც რკინიგზის გახსნა", - განაცხადა ვაშაძემ.