ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გარეშე რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობის მიღწევა და დევნილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც უწყება 13 ივნისს გაეროს მიერ საქართველოში დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მიღებას ეხმიანება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც ჟენევის დისკუსიები დაიწყო, თბილისი „ჯიუტად არიდებს თავს" აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ რეზოლუციისთვის კენჭისყრის შედეგები ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მიერ წამოყენებულ რეზოლუციას ფართო მხარდაჭერა არ გააჩნია.
„ხმის მიცემის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ მოცემულ პოლიტიზებულ ინიციატივას არ გააჩნია ფართო მხარდაჭერა გაეროში - წევრ-სახელმწიფოთა უმეტესობამ თავის შეკავება არჩია ან უარი განაცხადა გენერალურ ასამბლეაზე ამ საკითხის განხილვაზე", - აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროში.
უწყება ოკუპაციის საზღვრის გადმოწევის თემასაც ეხება და აღნიშნავს, რომ ამ ქმედებებში რუსეთზე ცდილობენ ყველაფრის გადმობრალებას.
„უკვე მერამდენედ გვიწევს ავხსნათ, რომ რუსი მესაზღვრეები მხოლოდ იმ უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებენ, რაც მათ დელეგირებული აქვთ ოსურ მხარესთან სამხრეთ ოსეთის საზღვრის ერთობლივი ძალებით დაცვის შესახებ ორმხრივი შეთანხმების შედეგად, რომელიც 2009 წლის 30 აპრილიდან მოქმედებს. საზღვართან დაკავშირებული კითხვების წარმოშობის შემთხვევაში საქართველომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას უნდა მიმართოს. რამდენადც ჩვენთვის ცნობილია, ცხინვალს შესაბამისი მოწოდება არაერთხელ გაუკეთებია", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ ქართული საზოგადოების ცნობიერებაში მოხდება გარდატეხა, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში სიტუაციის დარეგულირების კუთხით კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება.
რეზოლუცია "აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი/საქართველო დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ" აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას ითვალისწინებს.
ორი დღის წინ, გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე რეზოლუციას მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა, 16 აღმოჩნდა მოწინააღმდეგე, 84-მა კი თავი შეიკავა. მე-16 ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, იყო ბელორუსია