ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ვროცლავის გლობალურ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ფორუმის სესიაში - „ნატო-ს გაფართოების მომავალი" სახელწიფო მინისტრთან ერთად, ბოსნია და ჰეცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ტრიშიჩ-ბაბიჩი და პოლონეთში მაკედონიის ელჩი ფატმირ ხელადინი მონაწილეობდნენ. სესიას მოდერაციას ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი უწევდა.
სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილასაქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მხრივ მიღწეულ პროგრესზე. ალექსი პეტრიაშვილმა საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე ისაუბრა.სესიაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც ნატო-ს არაწევრი ნომერ პირველი კონტრიბუტორის წვლილი ავღანეთის ISAF- ის მისიაში.
სახელმწიფო მინისტრმა ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე ისაუბრა. ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა ამ პროცესში ნატო-ს ასპირანტ ქვეყნებთან თანამშრომლობისმნიშვნელობა. თავის მხრივ, მონტენეგროსა და ბოსნია და ჰერცოგოვინას, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნების წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობას, რაც, მათივე თქმით მნიშვნელოვანია რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
ალექსი პეტრიაშვილმა ფორუმის სხვა მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.
"ეს არის ქვეყნის სუვერენული უფლება განსაზღვროს, თუ რომელ საერთაშორისო უსაფრთხოების ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება. საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ბალკანეთის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმაც. მათთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს გაფართოების მიმართ ნეგატიურად განწყობილი არაწევრი ქვეყნების პოზიცია, თუმცა ბოლო სიტყვა ეკუთვნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, მაშინ როდესაც ქვეყნები დააკმაყოფილებენ ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს",-განაცხადა სესიის დასრულების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა.
ფორუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რადოსლავ შიკორსკისთან და ინტერვიუები ადგილობრივ მედიასთან.
ვროცლავის გლობალური ფორუმი პოლონეთში, უკვე მეოთხე წელია ატლანტიკური საბჭოს ინიციატივით და პოლონეთის პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება. ფორუმის მუშაობაში ამერიკისა და ევროპის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, აკადემიური და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.