საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ გატარებული ზომები, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის კონგრესის თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ განცხადებაში.
კონგრესი ხაზს უსავამს, რომ საქართველო უაღრესად ღირებული მოკავშირეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და რომ საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესებისადმი ერთგულება, მათ შორის ავღანეთში, ISAF-სა და ერაყში მულტინაციონალურ ძალების მისიაში ქართული სამხედროების მონაწილეობით.
ასევე, 2012 წლის ოქტომბერში, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება საქართველოს მთავარი მიღწევაა თავისუფალი საზოგადოებისა და სრული დემოკრატიისკენ სვლის კუთხით.
"2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წევრი გასამართლდა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. მსგავსი ბრალდება წაუყენეს ოპოზიციის წევრებსაც, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს. ოპოზიიური პარტიის ლიდერის დაკავება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანზე 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე", - ნათქცვამია განცხადებაში.
კონგრესი მიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად.
"ეს ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავარობის წინასვლას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნის კუთხით, სადაც ძირითადი თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის თავისუფლება, გარანტირებული უნდა იყოს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავდროულად, აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში.
"საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას", - აცხადებს კონგრესი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პოზიცია ერთმნიშნვენლოვანი უნდა იყოს, როდესაც მის მთავარ მოკავშირე ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაბირების შემდეგ დემოკრატია რეგრესს განიცდის.
ასევე კონგრესის წევრები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ავღანეთში, 2013 წლის 6 ივნისს დაღუპული შვიდი სამხედროს გამო, ასევე 2013 წლის 13 მაისს დაღუპული სამი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო.