მიხეილ სააკაშვილმა საგარეო საქმეთა სამინიტროს გაეროში რეზოლუციის გასვლა მიულოცა. ამის შესახებ პრეზიდენტმა იაპონიის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა და იაპონიას მხარდაჭერისთვის მადლობა გახდა.
,,მინდა მივულოცო ამ რეზოლუციის გასვლა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, მინისტრის მოადგილეს, რომელიც ამაზე მუშაობდა. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მისიას გაერო-ში, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ მახარობლიშვილს, რომელმაც ძალიან მაგრად იმუშავა, ჩემი თვალით ვნახე და რაც შემეძლო, ვეხმარებოდი ბოლო პერიოდში. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყოფილ ელჩს გაერო-ში ალექსანდრე ლომაიას. წელს ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა მეტმა, ვიდრე შარშან, შარშან - უფრო მეტმა, ვიდრე შარშანწინ. ეს არის კარგი ტენდენცია. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად ჩვენი ოკუპანტის გააფთრებული წინააღმდეგობისა, ამ უფლებას ჩვენ ხალხს ვერავინ წაართმევს და დადგება დრო, რომ ჩვენი ხალხი დაბრუნდება თავიანთ სახლებში. ჩვენ აღვიდგენთ სახელმწიფოებრივ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე და ამაში ეჭვი არ მეპარება",-განაცხადა სააკაშვილმა.