ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ტურქეთში დომენტრაციების მშვიდობიან დასრულებას და სტამბულში გეზის პარკის საკითხის რეფერენდუმით გადაწყვეტის იდეას იწონებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.
„ჩვენ მივესალმებით სიტუაციის მშვიდობიანი განმუხტვისკენ მიმართულ ძალისხმევას და მივიჩნევთ, რომ შემოთავაზებული ვარიანტი რეფერენდუმის გამართვის თაობაზე ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია", - განაცხადა პსაკიმ.
რეფენდუმის გამართვის იდეა თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ჰუსეინ ჩელიკმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც შეხვედრა გაიმართა თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯებ ტაიპ ერდოღანსა და დემონსტრაციების 11 მონაწილეს შორის.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები თურქეთში უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება. დემონსტრაციები სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანისა და მისი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. ასევე სტამბულის მერიამ საჯაროდ განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი არ აშენდება. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.
სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა და თურქეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი დემონსტრაციებშია ჩათრეული. მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.