ხვალ, 14 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" კვლევის „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემატიკის სამართლებრივი ანალიზი" და საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციების პაკეტის პრეზენტაციას გამართავს. შეხვედრას სამთავრობო უწყებების, ექსპერტული საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, ეკონომისტები, ფინანსისტები და იურისტები დაესწრებიან.
კვლევა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემატიკის შესახებ მომზადებული პირველი დოკუმენტია, რომლითაც ფართო საზოგადოებისთვის პირველად ხდება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების გაუფასურებასთან დაკავშირებული პროცესის სამართლებრივი ანალიზი, საქართველოს მიერ პრობლემის მოგვარების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება, ხელისუფლების მოქმედებების ეფექტურობისა და მართლზომიერების შესახებ დასკვნის მომზადება, ეროვნული და ევროპული სასამართლოების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების წარმოდგენა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და სხვა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა შექმნილიყო რეკომენდაციების პაკეტი, რომლითაც ხელისუფლებას მიეთითებოდა პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო მოქმედებებისა და სტრატეგიის შექმნის შესაძლებლობაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ, პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, 18 სარეკომენდაციო წინადადებას წარმოადგენს, რომელიც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების საკითხთან მიმართებით, დღემდე არსებულ ყველა მოსაზრებას, არსებითად ცვლის.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა" საკითხის მიმართ კვლევის მომზადება 2013 წლის თებერვალში დაიწეს. დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის ნაწილი სრულიად ახალია საზოგადოებისთვის და იბეჭდება პირველად, მათ შორის 1990-იან წლებში, ანაბრების გაუფასურებასთან დაკავშირებული საკრედიტო კომპანიები. ამასთან, ცალკე თავი ეთმობა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.
ღონისძიება სასტუმრო „ამბასადორში" გაიმართება.