სახალხო დამცველმა და საიამ #9 დაწესებულებაში ერთობლივი მონიტორინგი განახორციელეს, სადაც განთავსებულები არიან სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები და მაღალჩინოსნები.
საია-ს ინფორმაციით, უკლებლივ ყველა პატიმრის განცხადებით, მათ მიმართ მოპყრობა ნორმალურია. მათივე თქმით, დაწესებულების ადმინისტრაცია და თანამშრომლები, შეძლებისდაგვარად, ყველა მათ კანონიერ თხოვნას ითვალისწინებენ.
„მონიტორინგისას გაირკვა, რომ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ აქვთ საშუალება, ისარგებლონ ტელევიზორით. ამ უფლებით მხოლოდ რამდენიმე პატიმარი, მათ შორის, ბაჩანა ახალაია, სარგებლობს. ტელევიზორი, პრაქტიკულად, ძირითადი საკითხი აღმოჩნდა, რაზეც დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები გამოთქვამენ უკმაყოფილებას", - ნათქვამია საიას-ს განცხადებაში.
საია-ს ინფორმაციით, ამჟამად ტელევიზორის ქონა ყველა ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია დაშვებული. გამონაკლისია N9 დაწესებულება, რაც აღნიშნულ აკრძალვას დისკრიმინაციულ ხასიათს ანიჭებს.
სპეციალური პრევენციული ჯგუფი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აღნიშნულ პრობლემას დროულად გადაწყვეტს, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მოგვაწვდის ინფორმაციას, რა საფუძვლით არ ეძლევათ N9 დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ტელევიზორით სარგებლობის უფლება.
„მონიტორინგის დროს ასევე აღმოჩნდა, რომ N9 დაწესებულების აბანოს გასახდელში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა, რაც ხელყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირად ცხოვრებას, მით უმეტეს, რომ არ არის ზუსტად განსაზღვრული იმ პირთა წრე, ვისაც ხელი მიუწვდება ამგვარ ჩანაწერებზე, ასევე, ამ უკანასკნელთა შენახვის პირობები და ვადა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები