ლატვიელი დიპლომატი, რომელიც საქართველოს მოქალაქეს დაეჯახა პოლიციასთან თანამშრომლობს_ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ დაზარალებულს მაქსიმალურად ეხმარება ლატვიის საელჩო.
"სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა რა დროსაც დაზიანდა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა კაცი გიორგი ხაჭაპურიძე. იგი მოთავსებულია მცხეთის ჰოსპიტალში. ასეთ დროს როდესაც დიპლომატს ასეთი საგზაო შემთხევა მოსდის, არსებობს საერთაშორისო ნორმები და საერთაშორისო პროცედურები, რომლებიც დარეგულირებულია ვენის კონვენციით. მიუხედავად ამისა, ლატვიელმა დიპლომატმა, რომელიც გახლავთ სამხედრო ატაშე, პოლიციასთან ითანამშრომლა, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ინციდენტის შესახებ. გარდა ამისა, ის უკვე 4-ჯერ იყო ჰოსპიტალში და დაზარალებული მოინახულა, რომლის მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე პირველ დღეს იყო", - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ დღეს ლატვიის ელჩთან საქართველოში და ამ თემაზე დეტალურად ისაუბრეს.
"ლატვიის მხარე აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, რაც კი არის მის შესაძლებლობაში, რათა ზარალი და დანაკლისი მინიმალური იყოს. ლატვიის შესაბამისი უწყებები ამ ფაქტს სათანადო ყურადღებას მიაქცევენ. რაც შეეხება გამოძიებას, ლატვიის სამხედრო ატაშე თანამშრომლობდა მასთან და გამოძიების დასრულების შემდეგ შეგვიძლია, საბოლოო დასკვნები გამოვიტანოთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.