საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგარეჯოს რაიონული მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების დიდი ოდენობით მითვისების და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი, საკრებულოს მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯინჯიხაძე, შპს „არსაკიძის" დირექტორი რევაზ ბაჩოშვილი, შპს „ პალაცოს" დირექტორი ზაზა მაისურაძე, და შპს „ მშენებელი 2013"-ს დირექტორი გიორგი ადუაშვილი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტს სახემწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო 300 000 ლარი - საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოების დაფინანსების მიზნით.
2012 წლის 19 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო საკითხთა მთავარი სპეციალისტის თეიმურაზ ჯინჯიხაძის ორგანიზებით, მასთან დაახლოებული პირების სახელზე დაფუძნებული იქნა შპს „არსაკიძე", შპს „მშენებელი 2013" და შპს „პალაცო", რომლებთანაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ, გამარტივებული შესყიდვის წესით, გაფორმებული იქნა 3 ხელშეკრულება, 300 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე.
აღნიშნული კომპანიების მიერ, თ.ჯინჯიხაძისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირთა ზედამხედველობით, ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისას ხელოვნურად იქნა გაზრდილი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება, რის საფუძველზეც დაკავებულების მიერ მითვისებულ იქნა თანხა 80 000 ლარი.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 332-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით