13-მა ე.წ. კანონიერმა ქურდმა, ძმებ გელა და გიზო ქარდავების მეთაურობით თავიანთ "ოჯახში" ახალი წევრები მიიღეს - ორი ქართველი და ორი რუსი. დედ ჰასანის კლანი შეავსეს: ბესო რუსტავსკიმ, მაქსიმ ფრანცუზმა, ტიმურ გულიამ და ანდრეი ტურაკმა.
ამ გადაწვეტილებას ქარდავების გარდა "ხელი მოაწერეს” მერაბ მზარელუამ, მამუკა და გია გალსკებმა, ჟორა ტაშკენტსკიმ, კოლია ტომსკიმ, ანდრეი კალინინგრადსკიმ, ტიმურ სარატოვსკიმ, ალბერტ გიანჯინსკიმ, გოგი პიტერსკიმ და ზვიად ტბილისკიმ.
აღნიშნული ღონისძიება გახდა ერთგვარი პასუხი რამდენიმე დღის წინ ხმელთაშუა ზღვის ერთ ერთ კუნძულზე გამართული "დიდი ქურდული შეკრებისა", რომელზეც ედიაკ ასატრიანმა 50 -ზე მეტი ყველაზე გავლენიანი "სოხუმელი", "თბილისელი" და "ქუთაისელი" კრიმინალური ავტორიტეტი შეკრიბა დედ ჰასანის კლანის გასაკიცხად.
სხვადასხვა მონაცემებით, ამ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი "ზედა რგოლებში" იტალიაში ამჟამადაც მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ქარდავების მიერ მოწვეულ ამ შეკრებაზე არ ჩანდნენ დედ ჰასანის კლანის ისეთი გავლენიანი წევრები, როგორებიც არიან ტიმური, მირონი და კიდევ რამდენიმე ე.წ. კანონიერ ქურდი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის პირველ რიცხვებში ხმელთაშუა ზღვის ერთ ერთ კუნძულზე, კონსპირაციის ყველაზე მკაცრი ზომების დაცვით დიდი ქურდული შეკრება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თანამედროვეობის ყველაზე გავლენიანმა 50-ზე მეტმა "კანონიერმა ქურდმა" მიიღო.
აღნიშნულ შეკრებაზე მიწვეულნი იყვნენ ე.წ. დედ ჰასანის კლანის წარმომადგენლები, მათ შორის სლავური წარმოშობის ე.წ. კანონიერი ქურდები, თუმცა მათ ამ შეკრების იგნორირება მოახდინეს. თუმცა სწორედ ე.წ. კანონიერი ქურდების ამ კოჰორტის ზოგი საქციელის გამო იქნა მოწვეული ეს შეკრება.
შეკრების მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ "კანონიერი ქურდის" სტატუსი შეეჩერებინათ როლანდ გეგეჭკორისათვის, მერაბ მზარელუასათვის და ძმები ქარდავებისათვის.
ამას გარდა, შეკრებილებმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს - ჩატარდეს ყველა იმ ადამიანის რევიზია, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის წინ "ქურდად აკურთხეს". ამასთან დაკავშირებით, მათ დაადგინეს - არ ჩაითვალონ "კანონიერ ქურდებად" ის ადამიანები, რომლებმაც ეს ტიტული ტელეფონით, ე.წ. სმს-ით ან სკაიპით მიიღეს და პირადად არ ესწრებოდნენ იმ შეკრებებს სადაც მათ კანდიდატურებს ამტკიცებდდნენ.
ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ახლადმიღებული ეს ზომა მიღებულია დედ ჰასანის კლანის ახლადშეძენილი წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ტრადიციების უგულვებელყოფით "წმინდა რიტუალებს ონლაინ რეჟიმში ატარებდდნენ".
აღნიშნული შეკრების მონაწილეები მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის საკითხზე არ ღელავენ, ისინი მზად არიან დაიცვან ისინი ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელიც გაბედავს და თანამედროვეობის 50-ზე მეტი "კანონიერი ქურდის" გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ დააყენებს.