იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი წევრის ვინაობა უკვე ცნობილია. მოსამართლეთა მეათე კონფერენციამ თითქმის 15-საათიანი განხილვის შემდეგ, ოთხი დამოუკიდებელი და სამი სასამართლო კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარე მოსამართლე აირჩია ესენია: ილონა თოდუა, ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე, თამარ ალანია, შოთა გეწაძე, მერა გაბინაშვილი და ზაზა მეიშვილი.
ხმის მიცემაში მონაწილეობა სულ 236-მა მოსამართლემ მიიღო. საბოლოო შედეგები მხოლოდ მეორე ტურის ფარული კენჭისყრის შედეგად გახდა ცნობილი, რადგან პირველ ტურში ორი მესამედი ბარიერის გადალახვა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.
კენჭისყრის შედეგები ცნობილი გვიან ღამით 02:00 საათზე გახდა.
მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენცია მუშაობას მომავალ კვირას განაახლებს, რადგან გუშინდელ სხდომაზე რეგლამენტით გაწერილი პროცედურები ვერ დასრულდა.
მოსამართლეები მორიგ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებს აირჩევენ.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს პარლამენტი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე 6 წევრს, სავარაუდოდ, ოთხშაბათის სესიაზე დაამტკიცებს.
მოსამართლეთა კონფერენციას არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებოდნენ. მათი განმარტებით, არასამთავრობო სექტორი მომავალ კვირას დაგეგმილ კონფერენციასაც გაუწევს მონიტორინგს.