თბილისის მერიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით 3 ივნისიდან თბილისის მე-7 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი "ამირანი" მიმდინარეობს, რომლის გამარჯვებულები 7 ივნისს, 20:00 საათზე გამოვლინდებიან.
დაჯილდოვების ცერემონიაზე ნაჩვენები იქნება წლევანდელი ONE SHOT MOVIE პროექტის ფილმები და გამოვლინდებიან გამარჯვებულები ოთხ მთავარ ნომინაციაში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ან ექსპერიმენტული ფილმი, ასევე გაიცემა ჟიურის სპეციალური პრიზი. ნომინაციებთან ერთად, სპეციალური დიპლომები გადაეცემათ საუკეთესო რეჟისურისათვის, ხმოვანი რიგისთვის, ოპერატორის დანუშევრისთვის და მონტაჟისათვის. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი "Decay Live Band".
2013 წლის ფესტივალში, რომელიც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს ფარგლებში მოეწყო, 36 ქვეყნის კინოსკოლის 61-მა ფილმმა მიიღო მონაწილეობა, მას 25-მდე უცხოელი სტუდენტი და ჟიურის წევრი სტუმრობდა მსოფლიოს 14 ქვეყნიდან, მათ შორის ისრაელიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან, აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
საზეიმო გახსნაზე 3 ივნისს, ტრადიცია არ დაირღვა და ნაჩვენები იქნა თეატრალურის წარსული დიპლომანტის ნამუშევარი - წელს გაიხსენეს 1984 წელს გადაღებული სტუდენტური ფილმი „მამა", რომლის რეჟისორიც გახლავთ ლევან ზაქარეიშვილი. ფესტივალის გახსნის საღამო მუსიკალურად გააფორა ჯგუფმა „ქამელეონი".
5 დღიანი ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ჟიურის წევრების მასტრეკლასები: კლაუდია მესსემერი - კინოსცენარების განვითარება; ლესზეკ დავიდი - კინორეჟისურა; გიულენ ჰარლეი - კინომარკეტინგი; ირინა რომანჩენკო - ფესტივალების მნიშვნელობა და შესაძლებლობები.
ფესტივალმა უმასპინძლა სამხატვრო აკადემიის ექსპერიმენტულ მოდურ პროექტს, რომლის ინსპირაციას კინემატოგრაფი წარმოადგენდა. სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი Paper Art წარმოადგენდა სხვადასხვა ფილმების ვიზუალურ მხარეს, მუსიკალური გაფორმება კი ფილმის „ადამიანი ორკესტრის" საუნდთრექი გახლდათ. ჩვენებაში მომავალი მსახიობებიც მონაწილეობდნენ.
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და რეჟისორ გიორგი ხარებავას ხელმძღვანელობით წელს მესამედ განხორციელდა პროექტი "ONE SHOT MOVIE", რომელიც ფილმის 1 უწყვეტი კადრით გადაღებას გულისხმობს. ეს პროექტი აერთიანებს ფესტივალის უცხოელ და ქართველ სტუდენტებს, რომლებიც კო-პროდუქციას ქმნიან სხვადასხვა თემაზე. ფესტივალის დახურვაზე ნაჩვენები იქნება წელს ბოლო 4 დღის განმავლობაში გადაღებული ფილმები.
ფესტივალის მხარდამჭერები - თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, თბილისის სამხატვრო აკადემია, გოეთეს ინსტიტუტი, პოლონეთისა და ისრაელის საელჩოები საქართველოში.
ფესტივალის პარტნიორები - კონიაკი "სარაჯიშვილი", ყავა „პელე", "ნაბეღლავი",
მედია პარტნიორები - გაზეთები "24 საათი" და "GEORGIA TODAY", ჟურნალი „ფოკუსი", რადიო „ფორტუნა", საინფორმაციო სააგენტო „GHN" , ტელეკომპანიები "Music Box" და "რუსთავი2".
ფესტივალის ისტორია: ფესტივალი "ამირანი" 1978 წელს დაარსდა კინო კავშირისა და "თეატრალური ინსტიტუტის" თაოსნობით, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნებების ხელშეწყობითა და ინიციატივით, როგორებიც არიან: გოდერძი ჩოხელი, ტატო კოტეტიშვილი, ნანა ჯანელიძე, ნანა ჯორჯაძე, დიტო ცინცაძე, გურამ პეტრიაშვილი, ანდრო ჭიაურელი, დათო ჯანელიძე, შაქრო ჯორჯაძე სხვა.
ფესტივალმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა არსებობის მანძილზე, რადგან იგი დაარსებისთანავე საბჭოთა კავშირის" ყველაზე თავისუფალ ფესტივალად იყო მიჩნეული. "საბჭოთა კავშირის" დაშლასთან ერთად, 1990 წელს კინოფესტივალმა შეწყვიტა ფუნქციონირება. დიდი ხნის უმოქმედობის შემდეგ, 2007 წელს აღდგა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ინიციატივით, რის შემდეგაც ფესტივალმა ყოველწლიური სახე მიიღო. დღესდღეობით ფესტივალში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა.