შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი: 1967 წელს დაბადებული მირიან ლ, 1989 წელს დაბადებული შავლეგ ფ. და 1968 წელს დაბადებული მიხეილ ა. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამტრედიის რაიონის სოფელ მიწაბოგირაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიხელი გ. და მასთან ერთად მყოფი მირიან ლ. დააკავეს. მირიან ლ-ს პირადი ჩხრეკისას - 14 აბი, მიხეილ გ-ს პირადი ჩხრეკისას ¬3 აბი და 2 ნატეხი, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას 30 აბი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი"-ს შემცველი პრეპარატი „სუბოქსინი" ამოიღეს.
დანაშაულში ბრალდებული მესამე პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. შავლეგ ფ-ს პირადი ჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი" ამოიღეს.
გამოძიება მირიან ლ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით), ხოლო შავლეგ ფ-სა და მიხეილ გ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.