ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში მსჯავრდებული შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი, რომელსაც 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ამნისტიის საფუძველზე და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიმ განუცხადა, ჭიჭიაშვილს ამნისტია შეეხო, გარდა ამისა, სასჯელის შეკრებითობის პრინციპი გაუქმდა და ის საპყრობილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა.
შოთა ჭიჭიაშვილი მოსკოვში 2003 წლის 24 ივნისს დააკავეს. რუსეთის ხელისუფლებას მან პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. რუსეთის პრეზიდენტმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. შოთა ჭიჭიაშვილმა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და რუსეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების საკითხი მეორედ დააყენა. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ფაქტი გახდა ჭიჭიაშვილის საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ჩაბარების პროცესის გაჭიანურების მიზეზი.
2004 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 19 საათზე, მოსკოვში დაკავებული კრიმინალის შოთა ჭიჭიაშვილის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.
28 წლის შოთა ჭიჭიაშვილს შეიარაღებულ ბანდიტურ დაჯგუფებებში მონაწილეობისათვის ქართველი სამართალდამცავები 1997 წლიდან ეძებდნენ. 2000 წლიდან იგი უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ამ დროისათვის მას უკვე ადამიანების გატაცებებსა და მკვლელობებში ედებოდა ბრალი. გამოძიების მტკიცებით, სწორედ მისი ორგანიზებულია ისეთი ცნობილი და გახმაურებული საქმეები, როგორიცაა: ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს, ესპანელი ბიზნესმენების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრებისა და პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილის გატაცება და პანკისის ხეობაში დატყვევება.
1975 წელს პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაბადებული შოთა ჭიჭიაშვილი, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ 2005 წლის 21 იანვარს ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე, 236-ე, 209-ე, 104-ე, 179-ე და 143-ე მუხლების მიხედვით. უზენაესი სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ჭიჭიაშვილს მსჯავრი დაედო ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში. მათ შორის ყველაზე გახმაურებული 2000 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ესპანელი ბიზნესმენების, ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს გატაცების ფაქტია. სასამართლომ ჭიჭიაშვილს, საბოლოოდ, 22 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნით. ჭიჭიაშვილი პატიმრობაში 8 წელი და რამდენიმე თვე იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები