დღეს საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჭანტურიას შეხვდნენ. შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობების ენებზე მაუწყებლობის ახალი ფორმატი განიხილეს.
ჭანტურიამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს უმცირესობების ენებზე (სომხური, აზერბაიჯანული, ოსური და აფხაზური) ყოველდღიურ მაუწყებლობას როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული სამაუწყებლო არხების მეშვეობით.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოში, საქართველოს ყველა ეროვნული უმცირესობაა წარმოდგენილი. საბჭოსა და სხვადასხვა უწყებას შორის არსებობს წარმატებული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გამოცდილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ საბჭოს წევრებს. ტუღუშმა იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება.
ტუღუშის განცხადებით, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო დაინტერესებულია, უფრო ინტენსიური გახდეს თანამშრომლობა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის. საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრაზე მხარეები იმსჯელებენ სამომავლო თანამშრომლობაზე და გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს საქმიანობა, გაეროს განვითარების პროგრამისა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.