სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, ინტერპოლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს შსს-მ ვაშინგტონის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ალპერ ერდოღანი (ERDOGAN ALPER) დააკავა.
აღნიშნული პიროვნება აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ
2013 წლის 17 აპრილიდან იძებნებოდა აშშ-ს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის 1349, 1343 და 2, 1030 (ბ), 1030 (ა)(2) და (გ)(2)(ბ)(i)-(iii), 1029 (ბ)(2) და 1028 ა (ა)(1) და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ელექტრონული საშუალებების მეშვეობით თაღლითობის დაგეგმვას, ელექტრონული საშუალებების მეშვეობით თაღლითობის ჩადენას, კომპიუტერული თაღლითობის დაგეგმვას, თაღლითობის დაგეგმვას საკრედიტო ბარათის გამოყენებით და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ საიდენტიფიკაციო მონაცემების ქურდობას.
2010 წლის მაისიდან 2011 წლის მარტის ჩათვლით, ფლორიდაში ალპერ ერდოღანმა სხვა პირებთან ერთად შეიმუშავა საერთაშორისო საკრედიტო ბარათების სისტემაში შეღწევის სქემა. აღნიშნულ საქმიანობაში ერდოღანის როლს წარმოადგენდა საკრედიტო ბარათის ინფორმაციის მოპოვება ფინანსურ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევით ან სხვა პირებისაგან ბარათის ინფორმაციის შესყიდვით ინტერნეტით შემდგომი გაყიდვის წინ. ერდოღანი სხვა პირებს აწვდიდა ინფორმაციას, თუ როგორ გამოეყენებინათ მოპარული ბარათის ინფორმაცია და როგორ დაემზადებინათ ყალბი ბარათები. ანაზღაურებას იღებდა აზერბაიჯანში გადარიცხული თანხით. ათ შემთხვევაში ერდოღანმა ბარათების მფლობელების ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, უკანონოდ მოიპოვა საკრედიტო ბარათების კონფიდენციალური ინფორმაცია, ხოლო შვიდ შემთხვევაში - ერდოღანმა უკანონოდ მოპოვებული საკრედიტო ბარათების კონფიდენციალური ინფორმაცია გაყიდა ინტერნეტ-გზავნილების სისტემით. საერთო ჯამში, ერდოღანმა და მისმა თანამზრახველებმა ათასობით საკრედიტო ბარათის ანგარიშში შეაღწიეს და დაზარალებულებს დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენეს.
ინტერპოლს გააჩნდა ინფორმაცია, რომ ძებნილი პიროვნება შესაძლოა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულის საფუძველზე, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმდა ინდივიდუალური ხელშეკრულება ალპერ ერდოღანის დაკავებისა და ექსტრადიციის თაობაზე.
ამჟამად დაკავებული მოთავსებულია აჭარა-გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.
მასალის გამოყენების პირობები