თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო ამჯერად 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით იმსჯელებს.
პროცესზე პროკურატურა ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. როგორც ჟურნალისტებთან ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა პატიმრობის შეფარდების საფუძველი მეორედ არ არსებობს, რადგან ვანო მერაბიშვილი ისედაც პატიმრობაში იმყოფება.
,,გაუგებარია რატომ ითხოვს პროკურატურა დაპატიმრებას, რადგან ვანო მერაბიშვილის ისედაც პატიმრობაშია და ამავე დროს არანაირი საფუძველი არ არსებობს მისი დაპატიმრების", _განაცხადა გელხაურმა.
საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს მერაბიშვილის მეუღლე და ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ვანე მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურს ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომაშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება
„პოლიციამ წინდაწინ გადაკეთა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის, კინოთეატრ "რუსთაველისა" და სხვა მიმდებარე ქუჩები. დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე, პირადად ივანე მერაბიშვილის ბრძანებითა და კონტროლით, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა საპირისპიროდ, კერძოდ, მომიტინგეებისათვის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვებისათვის აუცილებელი გონივრული ვადის მიცემის გარეშე, მხოლოდ ფორმალური გაფრთხილების შემდეგ, საპოლიციო ქვედანაყოფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მიტინგის დაშლის ოპერაცია. წყალსატყორცნი საშუალების გამოყენებისთანავე, არსებითი წინააღმდეგობის გარეშე, მომიტინგეები შეეცადნენ გაქცევას, თუმცა, წინასწარ შეთანხმებული ზემოაღნიშნული გეგმის შესაბამისად, მათ განზრახ არ მიეცათ ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლისა და პოლიციის მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობა. შესაბამისად, ალყაშემორტყმულ მშვიდობიან მოქალაქეებზე ერთდროულად და ინტენსიურად რამდენიმე მიმართულებიდან განხორციელდა რეზინის ხელკეტებითა და ტყვიებით აღჭურვილი პოლიციის რაზმების იერიში როგორც ქუჩაში, ასევე შენობებში, რა დროსაც შეგნებულად გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი (მათი სიკვდილის მიზეზის დასაზუსტებლად გამოძიება გრძელდება), დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო სამასამდე ადამიანმა. უსაფუძვლოდ დაკავებული იქნა რამდენიმე ათეული პირი. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირებისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მოახდინა მხოლოდ თვალთმაქცური რეაგირება. კერძოდ, არსებული ვითარების გაუბრალოებისა და, რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით მოჩვენებითად დაისაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომელი, რომელთაგან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის, საყურადღებო და ხაზგასასმელია, რომ სამი მათგანი აქციამდე იყო დათხოვნილი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებში. 2013 წლის 18 მაისს, ივანე მერაბიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით. ინკრიმინირებული ქმედება ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.