1-ელ ივნისს, 19:00 საათზე, ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბალეტის "ამაო სიფრთხილე" პრემიერა გაიმართება.
ბალეტი "ამაო სიფრთხილე" ნ. ანანიაშვილის და ა. ფადეეჩევის ლიბრეტო ჟ. დობერვალის მოტივებზეა. მუსიკა- ფერდინანდ ჰეროლდის და პეტერ ლუდვიგ პერტელის.
ქორეოგრაფიული ხუმრობა სახელწოდებით "ამაო სიფრთხილე" მსოფლიო მუსიკალური კულტურის ისტორიაში შევიდა, როგორც თანამედროვე სცენაზე შემორჩენილი ყველაზე ძველი ბალეტი. პირველად იგი ბორდოში, 1789 წელს, ქორეოგრაფმა ჟან დობერვალმა ფრანგულ ხალხურ მელოდიებზე შექმნილ კომპოზიციაზე დადგა.
"ამაო სიფრთხილე" თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე პირველად 1907 წელს პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტის საგასტროლო ჯგუფმა წარმოადგინა. 1940-იან წლებში ბალეტი თეატრის სცენაზე პირველად დადგა ე. დემეტრაშმა.