შს მინისტრი უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების ასლების მფლობელებს ამნისტიას სთავაზობს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ბრიუსელში ფონდ „ღია საზოგადოებაში" გამართულ საჯარო შეხვედრაზე. მისი თქმით, მათ შესაძლებლობა მიეცემათ ერთი თვის განმავლობაში ჩაგვაბარონ ჩანაწერები, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან კანონის მიხედვით
„მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და იმ არქივზე რაც დაგვხვდა სამინისტროში, სამარცხვინო ფაქტია. რა თქმა უნდა მე აქ არ ვარ იმისთვის რომ ვაკრიტიკო წინა მთავრობა, თუმცა ეს არქივი წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს, იმისა თუ როგორ მუშაობდა წინა მთავრობა,რა მეთოდებს იყენებდა ხალხის წინააღმდეგ; არამხოლოდ ოპოზიციის არამედ საკუთარი გუნდის წევრების წინააღმდეგ. ეს სამარცხვინო ფაქტია, რის გამოც ჩვენ ვგეგმავთ არქივის განადგურებას მომდევნო კვირაში. ჩვენ მოვილაპარაკეთ სახალხო დამცველის ოფისთან ერთად, რომ არქივი უნდა განადგურდეს. ჩვენ ამნისტიას ვთავაზობთ ყველას ვისაც გააჩნია ამ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების ასლები. მათ შესაძლებლობა მიეცემათ ერთი თვის განმავლობაში ჩაგვაბარონ ჩანაწერები, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან კანონის მიხედვით. მე წარმოვადგენ იმ მთავრობას, რომელმაც ჩემი პირველი მოადგილე დააპატიმრა, იმიტომ რომ მან დაარღვია კანონი, სწორედ ასე მუშაობს ჩემი მთავრობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საჯარო შეხვედრა-დისკუსია გამართა. შეხვედრის განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, პოლიციისა და იუსტიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე, მიგრაციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები. შეხვედრა გაიმართა ფონდში „ღია საზოგადოება", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დიპლომატიური კურპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა", საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი და სხვები.