მიუხედავად უპრეცედენტო ამნისტიისა და დაახლოებით თერთმეტი ათასი გათავისუფლებული პატიმრისა, სიტუაცია კვლავაც კონტროლის ქვეშაა, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ბრიუსელში ფონდ „ღია საზოგადოებაში" გამართულ საჯარო შეხვედრაზე.
მისი თქმით, როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა ქვეყნის სათავეში, პოლიციის თანამშრომლებმა არ იცოდნენ რა ეკეთებინათ და არ ღებულობდნენ ინსტრუქციებს.
„ნოემბრიდან და დეკემბრიდან დაწყებული, ჩვენ განვახორციელეთ სისტემური ცვლილებები, რეორგანიზაცია და ახალი თანამშრომლები მივიღეთ. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა გარკვეული პერიოდი, რათა მუშაობა ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა. ჩვენ ოთხი ახალი დეპარტამენტი ჩამოვაყალიბეთ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, დაახლოებით 3-4 თვე. სწორედ ამიტომ იანვრიდან, დანაშაულის რაოდენობამ კლება დაიწყო. მე სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ მიუხედავად უპრეცედენტო ამნისტიისა და დაახლოებით თერთმეტი ათასი გათავისუფლებული პატიმრისა, სიტუაცია კვლავაც კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, კრიმინოგენული ვითარებების მატების შესახებ განცხადებები არ წარმოადგენს სიმართლეს და სპეკულაციის ნაწილია.
„იმისთვის, რომ შევადაროთ სტატისტიკური მონაცემები, ავიღოთ 2006-2009 წლების შედეგები. მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემები და შევადაროთ წინა წლების იმავე პერიოდს, დანაშაულის და კრიმინალური საქმეების რაოდენობა ოცი, ოცდახუთი და ოცდაათი პროცენტით მეტიც იყო, ახლანდელ პერიოდთან შედარებით. ეს ფაქტი არავინ იცოდა, არ საუბრობდა და არ შუქდებოდა მედიით. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით დანაშაულმა მცირედ მოიმატა, განსაკუთრებით ქურდობებმა და მსგავსმა წვრილმანმა დანაშაულებმა. თუმცა არსებობდა ბევრი ფაქტორი და მიზეზი, რითაც შეიძლება ამის ახსნა. უპირველეს ყოვლისა, პოლიცია და შსს უკიდურესად პოლიტიზირებული იყო საარჩევნო კამპანიის პერიოდში, პოლიციის უმთავრესი საზრუნავი არჩევნები იყო. თითოეული პოლიციის თანამშრომელი იმაზე მუშაობდა,. თუ როგორ მოეპოვებინა ხმები. რადგან სწორედ ეს ჰქონდათ დავალებული წინა მთავრობის და ყოფილი შს მინისტრისგან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საჯარო შეხვედრა-დისკუსია გამართა. შეხვედრის განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, პოლიციისა და იუსტიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე, მიგრაციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები. შეხვედრა გაიმართა ფონდში „ღია საზოგადოება", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დიპლომატიური კურპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა", საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი და სხვები.