28 მაისს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტი (ქუთაისი, საქართველო) აზერბაიჯანული ეპიკური ნაწარმოების „დედე გორგუდის" ქართული თარგმანის პრეზენტაციას უმასპინძლებს. ღონისძიება აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.
საგანგებოდ „დედე გორგუდის" ქართული თარგმანის პრეზენტაციისთვის მომზადდა ამ ნაწარმოების მოტივებზე შექმნილი გამოფენა. საქართველოს პარლამენტში გამოფენილი ტილოების ავტორები საქართველოს სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან.
2000 წელს აზერბაიჯანში საზეიმოდ აღინიშნა „დედე გორგუდის" 1300 წლის იუბილე. ნაწარმოებს არ გააჩნია ერთიანი სიუჟეტი. იგი შედგება შესავლისა და 12 სიმღერისგან.
გამოფენას გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, ბატონი გიორგი კეკელიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი აზერ ჰუსეინი.
გამოფენის ორგანიზატორი არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. გამოფენის მხარდამჭერები არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და კომპანია „სოკარი".
მასალის გამოყენების პირობები