საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პერსონალური მონაცემების დაცვის სისტემის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. 2009 წლის ივლისში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა კანონპროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. 2010 წლის 24 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც კანონპროექტი განიხილეს. შეხვედრაში იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურებთან ერთად მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროების, უზენაესი სასამართლოს, კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღო გერმანელმა ექსპერტმა, გერმანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისარმა ჰანს ტიშლერმა. მან წარმოადგინა დეტალური დასკვნა კანონპროექტის შესახებ და ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითად პრინციპებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტი, რომლის ინიცირება პარლამენტში 2010 წლის მეორე ნახევარში იგეგმება, მოიცავს შემდეგ ძირეულ პრინციპებს _ მონაცემთა შეგროვება ხდება მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნისათვის; პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი, ხოლო არასწორი მონაცემები უნდა გასწორდეს, ან განადგურდეს; კანონპროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მონაცემთა სუბიექტის (ანუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის) უფლებებს. კანონპროექტით რეგლამენტირებულია პერსონალურ მონაცემთა დამუშავება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მიერ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიღება და მისი ეფექტიანი დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშოისო ვალდებულებების შესრულებას და ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.