ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეს მოსახლეობა შველას ითხოვს. სოფელს ორივე მხრიდან მდინარე უტევს და იმ შემთხვევაში, თუ ნაპირსამაგრი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩატარდა, გაზაფხულზე ადიდებულმა მდინარეებმა სოფელი, შესაძლოა, ალაზანში ჩაიტანოს.
უნდა აღინიშნოს, რომ საცხენე საზღვრისპირა სოფელია. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგო, რომელიც დაღესტანი - საქართველოს საზღვრის მონაკვეთს აკონტროლებს, სწორედ ამ სოფლის თავშია განლაგებული. იმ შემთხვევაში, თუ გაზაფხულზე, წყალუხვობის დროს ადიდებულმა მდინარემ საცხენეს გზა წაიღო, სასაზღვრო პუნქთან დამაკავშირებელი სხვა სამანქანო გზა აღარ რჩება.
სოფელს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც აქვს. სოფელში არც სასმელი წყალია, არც ბუნებრივი აირი, არც საბავშვო ბაღი, არც სკოლა და არც ექიმი. სოფლამდე მისასვლელი გზაც უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის სიმონ ტივიშვილის განცხადებით, ხელისუფლება საქმის კურსშია და პრობლემების მოგვარებას ცდილობს.