სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #14 დაწესებულებაში პატიმარი კიბეზე დაგორების შედეგად მიყენებული ტრავმით გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარი ლ.კ 23 მაისს ზ.ცხაკაიას სახელობის, ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.
„12 მაისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულებიდან #14 დაწესებულებაში სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით 64 მსჯავრდებული იქნა გადაყვანილი, მათ შორის მსჯავრდებული ლ.კ. საცხოვრებელ კორპუსებში გადანაწილების შემდეგ მითითებულ მსჯავრდებულს, სავარაუდოდ, მე-6 საცხოვრებელი კორპუსის კიბეზე ასვლის დროს ფეხი დაუცურდა და საფეხურებზე მრავალჯერადი დაცემის შედეგად, სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში მიიღო დაზიანებები", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზია ქალა-ტვინის და ქალა-სახის დახურული ტრამვა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. ზუსტი დიაგნოზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები