დღეს, 20 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული გასვლითი სხდომა გაიმართება.
სხდომაზე განიხილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარული მიყურადებისა და ჩანაწერის, კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის, ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერის, კინო- და ფოტოგადაღების საკანონმდებლო მოწესრიგებისა და კანონიერების დაცვის პრობლემები.
სხდომაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი. აგრეთვე, სხდომას დაესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და დაინტერესებული მოქალაქეები.
ღონისძიება ორგანიზებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.